1918 წლის 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტის გახსნის დღეს მისი პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის მისასალმებელი სიტყვის ამონარიდი ასეთ შინაარსს შეიცავს:
“თქვენო უწმინდესობავ და ბატონებო, საზოგადო სამეცნიერო კვლევა-ძიების გარდა, ჩვენი უნივერსიტეტის მთავარს მიზანს ჩვენი ქვეყნის მეცნიერული შესწავლა შეადგენს. ვინ არ იცის, რა ძვირფასი განძია შენახული მეცნიერებისთვის კავკასიის მრავალგვარ ენებში და ქართულ მრავალსაუკუნოვან სამწერლობო ენასა და კილოებში. ამიტომაც არის, რომ უკვე კარგა ხანია, რაც ევროპელ მეცნიერთა გულისყური ამ საგნისკენ იყო მიპყრობილი. მხოლოდ ჩვენი ენების თავისებურებით აიხსნება, რომ მათ ენათმეცნიერების ამ დარგის სიძნელე ჯეროვნად ვერ სძლიეს”.
ქართული უნივერსიტეტის იდეის ავტორსა და დამაარსებელს, პროფ. ივ. ჯავახიშვილს, ჰქონდა აბსულოტურად ზუსტი და ადეკვატური სახელმწიფოებრივი ხედვა, ენობრივი სტრატეგია, რომელსაც ის გეგმაზომიერად ქართულ უნივერსიტეტში ახორციელებდა. დიდი მეცნიერი თავის მოხსენებებსა და ანგარიშებში მაქსიმალურად ცდილობდა დაემტკიცებინა ქართული ენის გვერდით მეზობელი თუ მონათესავე ერების ენათა ისტორიისა და კულტურის სწავლების საჭიროება. მისი აზრით, ამ გზით ქართველი სტუდენტები შეძლებდნენ კავკასიელებთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ახლადჩამოყალიბებული უნივერსიტეტის ერთადერთი — სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის განსაკუთრებული მიზანი იყო საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ყოველმხრივი ინტერდისციპლინური შესწავლა.
1922 წელს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე შეიქმნა ქართული და ინდოევროპული ენათმეცნიერების განყოფილებები, სადაც ქართველურ ენებთან (ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური) ერთად ისწავლებოდა აფხაზური და ოსური ენებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეგრულ-ჭანურს ან სვანურს ეთმობოდა კვირაში 4 საათი, ხოლო კავკასიის მთიელთა ენებს — 6 საათი.
1924-1925 წლებში პროფ. ა. შანიძემ და პროფ. არნ. ჩიქობავამ შეადგინეს პროექტი კავკასიის ენათა ინსტიტუტის დასაარსებლად. პროექტი შედგება ქართულ ენაზე დაწერილი 3 მთავარი დოკუმენტისგან:
- აკ. შანიძის მიერ 1924 წელს საპედაგოგიო ფაკულტეტისთვის წარდგენილი მოხსენება კავკასიის ინსტიტუტის შექმნის შესახებ;
- კავკასიურ ენათა ინსტიტუტის დებულება;
- განმარტებითი ბარათები კავკასიურ ენათა ინსტიტუტის 1925/1926 წლების ხარჯთაღიცხვისათვის.
ა. შანიძის მიერ შედგილ მოხსენებაში აღნიშნულია ინსტიტუტის შექმნისა და ფუნქციონირების მიზანი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ საქმეს წარმოადგენდა კავკასიის მკვიდრ ენათა შესწავლა და გამოკვლევა. უპირველეს ყოვლისა აფხაზური იპყრობდა ყურადღებას, რომლისთვისაც საგანგებოდ “ლექტურაც” კი შემოიღეს უნივერსიტეტში. დაიწყო გამოკვლევა აფხაზური ენისა. გრძელდებოდა მუშაობა აფხაზური ლექსიკონისა და გრამატიკის გამოსაცემად. როგორც მეცნიერი აღნიშნავდა: “აფხაზური ეს პირველი მერცხალია, რომელსაც უნდა მიჰყვეს სხვა კავკასიური ენების სწავლებაც უნივერსიტეტში. მართლაც, სად თუ არა კავკასიაში რომელს თუ არა ქართულ უნივერსიტეტში უნდა იკითხებოდეს ლექციები კავკასიის მკვიდრი ენების შესახებ? უნდა დაარსდეს უნივერსიტეტთან საგანგებო ინსტიტუტი, რომელიც სისტემატურად გაუძღვება მასალების შეკრებას და გაშუქებას ყველა იმ საკითხებში, რომლებიც ეხება კავკასიის ენებს, როგორც კერძოდ ქართულს, ისე სხვა ჩვენი მეზობლების ენებისას, საზოგადოდ”.
აკაკი შანიძის მიერ ზემოაღნიშნულ მოხსენებაში წარმოდგენილი კონცეფცია კავკასიური ენების სწავლების საჭიროების შესახებ გაგრძელებაა იმ მოსაზრებებისა, რომლებიც გაახმოვანეს პეტრე მელიქიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე.
იმავე თვალსაზრისს ავითარებდა იმ პერიოდისთვის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე თვალსაჩინო მეცნიერი არნ. ჩიქობავა: “ქართულსა და მის მონათესავე მეგრულ-სვანურს გარდა, სხვა კავკასიური ენები ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ. მაგრამ უდიდესი სიძნელეც ახლავს თან ამ ენების შესწავლას; ქართულის გარდა არც ერთ საკუთრივ კავკასიურ ენას ისტორია, დამწერლობის ძეგლებში მოცემული, არ მოეპოვება; ამ თანდაყოლილ “ცოდვას” ვერავითარი “მადლი” ვერ გამოისყიდის; ამ დანაკლისის მთლიანად ანაზღაურება შეუძლებელია”.
ა. შანიძემ და არნ. ჩიქობავამ შეადგინეს მაღალი დონის პროექტი, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი და დაანგარიშებული, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ამგვარი იდეის შეთავაზება მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო პირველი პრეცედენტი. წარმოდგენილი პროექტი იყო გაბედული ნაბიჯი, მიმართული ჩვენი ქვეყნისა და კავკასიური ერთიანობის გასაძლიერებლად. სწორედ ამის გამო, იდეა განუხორციელებელი დარჩა.
1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ენათმეცნიერების ფაკულტეტი, რომლის მიზანი სხვა ამოცანებთან ერთად იყო კადრების მომზადება კავკასიის შესასწავლად ლინგვისტური, ისტორიულ-ფილოლოგიური, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური მიმართულებით.
ამავე წელს ენათმეცნიერების ფაკულტეტზე მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს შემდეგი დარგები: ქართული, კავკასიური (აფხაზურ-ჩერქეზული, ქისტური და დაღესტნური), ინდოევროპული, სემიტური, თურქული და ეთნოლოგიური.
საერთო ჯამში, 1922 წელს ენათმეცნიერების ფაკულტეტზე სხვადასხვა დისციპლინებთან ერთად 30-მდე ენისა და მათი დიალექტების სწავლება დაითგეგმა: ქართული (მეგრული, სვანური), რუსული, სომხური, ბერძნული, აფხაზური, ოსური, დიდოური, ავარული, თაბასარული, დაღესტწური, წოვა-თუშური, ღლიღური, ჩეჩნური, ჩერქეზული, უბიხური, არაბული, სპარსული, ოსმალური, აზერბაიჯანული, სემიტური, თურქული, ებრაული, სირიული, ასურული, ინდური, ლათინური.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერების ფაკულტეტის შექმნა იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ვინაიდან შემდგომ წლებში აქ განხორციელებული ენათმეცნიერული ფუნდამენტური კვლევებითა და სამეცნიერო მიღწევებით ქართული უნივერსიტეტი იქცა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური დარგების სწავლებისა და კვლევების მთავარ ლინგვისტურ კერად მაშინდელ მსოფლიოში.
და, აი, 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიურ ენათა კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა დოც. არნ. ჩიქობავა, კათედრის მდივნად — დოც. ვ. თოფურია, კათედრის წევრად — სიმონ ჯანაშია.
დოც. არნ. ჩიქობავა 1934 წელს შედგენილ ანგარიშში აღნიშნავს: „კავკასიური ენების კათედრა ახალ სახელმწიფო უნივერსიტეტში იშვა პირველად: კავკასიური ენების კათედრის გადაუდებელი ამოცანაა მოამზადოს სპეციალისტთა კადრები და ფართოდ გაშალოს მუშაობა კავკასიურ ენებზე. ამ ძირითად მიზანდასახულობასთან დაკავშირებით:
- ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩამოყალიბებულია აღმოსავლური და კავკასიური ეწების განხრა (მეორე კურსიდან).
- მიღებულია ზომები კავკასიურ ენათა სექციის ჩამოსაყალიბებლად ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში, რომ ამით შესაძლებელი გახდეს მუშაობის უფრო ფართოდ გაშლა.
ჩვენს უნივერსიტეტში დამუშავდა პირველად საუნივერსიტეტო კურსები მთის იბერიულ-კავკასიურ რვა ენაში, ეს ენებია: აფხაზური, ადიღეური, ყაბარდოული, ბაცბური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, უდიური. აგრეთვე თეორიული კურსები: “იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია” და “იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი”.
გასულ ზაფხულს კათედრამ მოაწყო შემდეგი სამეცნიერო მივლინებები: 1. დაღესტანში ლაკებთან, ღაზი-ყუმუხში (დოც. ვ. თოფურია), 2. დაღესტანში ხუნძებთან (ავარებთან) არნ. ჩიქობავა, 3. აფხაზეთში, აფხაზურზე სამუშაოდ (ქ. ლომთათიძე)… გარდა ამისა პროფ. ა. შანიძე მუშაობდა წოვა-თუშურზე (ბაცბურზე) — ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის დავალებით. ამჟამად, კავკასიური მთის ენებიდან ჩვენს უნივერსიტეტში შესაძლებლობა გვაქვს მოვუაროთ საკუთარი ძალებით აფხაზურს, წოვა-თუშურს, ხუნძურსა და ლაკურს“.
1936 წლიდან ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილების მთიულური (რუსული) სექტორი, რომელიც ამზადებდა და ამჟამადაც ამზადებს სამეცნიერო კადრებს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებისა და ოლქების უნივერსიტეტების პედაგოგიური, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის. კავკასიურ ენათა განყოფილების მთიულურ სექტორზე აფხაზ, ჩერქეხ, ჩეჩენ სტუდენტებთან ერთად მრავლად სწავლობდნენ დაღესტნის წარმომადგენლებიც, მათ შორის იყვნენ ლაკები, ხუნძები, ლეზგები, რუთულელები.
ჩრდილოკავკასიელთაგან 5 კაცი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია (მიქაილოვი ელდარ, აბდულაევი ისა, ალეიჯილალაევი ისლამ, მიქაილოვი ყაზბეგ). გარდა ამისა, პროფ. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით კავკასიურ ენათა კათედრაზე ასპირანტურა დაამთავრეს პირველმა ჩრდილოკავკასიელებმა: 1. ზ. მაჰომედბეკოვამ, 2. აბდუსალამოვმა, 3. ალიბულატოვმა, 4. ჯიდალაევმა.
კავკასიურ ენათა განყოფილებას პირველი გამოშვება ჰქონდა 1937 წელს, ხოლო დაარსებიდან დღემდე — 87 გამოშვება. განყოფილება დაამთავრა 800-მდე სტუდენტმა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/ფილოლოგიის დოქტორია 150-ზე მეტი ადამიანი, აკადემიურ და სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას კი 200-ზე მეტი ეწევა.
სხვადასხვა დროს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კავკასიურ ენათა კათედრაზე ჩამოდიოდნენ დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ყაბარდოს, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთისა და ადიღეს უმაღლეს სასწავლებელთა თანამშრომლები; აგრეთვე — მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტები უცხოეთიდან (საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან…).
91 წლის განმავლობაში დამუშავდა და გამოიცა ყველა იბერიულ-კავკასიური ენის სრული გრამატიკული ანალიზი და 100-ზე მეტი მონოგრაფიული გამოკვლევა აქტუალური საკითხების შესახებ.
გარდა ამისა, საწყის ეტაპზე კათედრის წევრები (პროფ. არნ. ჩიქობავა და პროფ. ვ. თოფურია) სისტემატურად უტარებდნენ კონსულტაციებს დაღესტნის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს და უწევდნენ ხელმძღვანელობას დისერტაციაზე მუშაობის დროს. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. არნ. ჩიქობავამ რამდენჯერმე ჩაატარა ლექციების ციკლი ზოგადი ენათმეცნიერებისა და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხებზე.
კავკასიურ ენათა კათედრისათვის მთავარი და იმთავითვე პრიორიტეტული იყო აფხაზური და ოსური ენების საფუძვლიანი სწავლება, რაზეც თვალსაჩინოდ მიუთითებს თუნდაც აკად. ქეთევან ლომთათიმის მიმართვა აფხაზეთის მწერლებისადმი, რომელიც ნიშნად პატივისცემისა შესრულებულია ქართულ და აფხაზურ ენებზე: “ძვირფასო მეგობრებო, აფხაზეთის მწერლებო! მე კვლავაც ვეცდები ვემსახურო ჩვენი ხალხების კეთილ ურთიერთობას, გამოვავლინო ჩვენს ენათა სიღრმეში ჩამარხული ერთიანობა და ხალხური სიბრძნე”.
კავკასიური ენების კათედრას 1933 წლიდან 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფ. არნ. ჩიქობავა; 1961 წლიდან 1990 წლამდე — პროფ. გიორგი როგავა; 1990 წლიდან 1996 წლამდე — პროფ. ეკატერინე ოსიძე; 1996 წლიდან 2006 წლამდე — პროფ. ტარიელ სიხარულიძე.
ტექსტი: ფილ. დოქტ. სოფიკო ჭაავა
