ვარშავის უნივერსიტეტის პოტოკიჩის სასახლეში 2022 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართა პირველი ჩრდილოკავკასიური კონფერენცია “ჩერქეზი ერის ეთნოკულტურული პრობლემები”. ღონისძიება ჩატარდა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ეგიდით და იგი ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების 90 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ასევე თბილისის ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ მაღალი რანგის პირები, ელჩები, ვარშავის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის კომიტეტის პრეზიდენტი და მრავალი სხვა საპატიო სტუმარი.
ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით კონფერენციაზე წარდგა თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი ჩერქეზული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჩერქეზოლოგებმა: საერთაშორისო ჩერქეზული მოძრაობის დამფუძნებელმა იშაკ მოლამ (იორდანია), საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოს თავმჯდომარემ იად იაღარმა (აშშ), მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ადელ ბაშქავიმ (იორდანია), ადიღე-ხასეს ხელმძღვანელმა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკიდან იბრაჰიმ იაგანმა, მალმოს უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა კარინა ვამლინგმა (შვედეთი), მსოფლიო პოლიტიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პოლ გობლმა (აშშ).
კონფერენციის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში გაიმართა ხუთი სესია და მასში მონაწილეობა მიიღეს მკვლევარ-კავკასიოლოგებმა საფრანგეთის, კავკასიის, პოლონეთის, გერმანიის, აშშ-ის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, თურქეთის სამეცნიერო წრეებიდან.
კონფერენციაზე ასევე გაიმართა კავკასიისა და კავკასიელების შესახებ გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციების (2021-2022 წწ.) წარდგინება და მრგვალი მაგიდა თემაზე “ჩერქეზული დიასპორა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში”.




