2019 წლის 4-6 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 172-მა მეცნიერმა საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან.
კონგრესის თემაა: “საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)”. მომხსენებელთა თემები აგებულია ქართულ-კავკასიური კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპებზე.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი მუშაობდა სექციებად დარგების მიხედვით: ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად), ისტორია (2 სექციად), არქეოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა, ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და არის კავკასიოლოგიის ცენტრი მთელ კავკასიაში. წლების განმავლობაში თსუ-ში იყო კავკასიოლოგიის სკოლა, რომელმაც კავკასიოლოგების მთელი პლეადა აღზარდა. ენათმეცნიერებასთან, ისტორიის საკითხებთან და ზოგადად, მეცნიერების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო თემა განიხილება კონგრესზე,” – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს სამი წლის განმავლობაში მეცნიერებაში მიღწეულ სიახლეებს. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესს საქართველო მასპინძლობს. პირველი კავკასიოლოგიის სკოლა სწორედ ამ კედლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით.
კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
„კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. კონგრესზე მონაწილეები მსჯელობენ კავკასიის ერთიანობაზე, საერთო კულტურულ სივრცეზე, ენობრივ საკითხებზე.
