საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კავკასიური ცივილიზაცია: ინტერდისციპლინური კვლევები”

„„კავკასიური ცივილიზაცია, ინტერდისციპლინური კვლევები“, – ამ თემატიკამ სამეცნიერო კონფერენციაზე კავკასიის რეგიონის 50-მდე მეცნიერი გააერთიანა, რომლებმაც არაერთ საჭირო პრობლემაზე და ამ სფეროში მიმდინარე ახალი კვლევებისა და მეთოდოლოგიების დანერგვაზე იმსჯელეს. კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ინტერდისციპლინარულ კვლევებს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კულტურულ-ცივილიზაციური, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის კავკასიის დიასპორასა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელიც, რომელმაც კავკასიის ხალხთა ერთიანობის მნიშვნელობაზე და ამ საკითხის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ფორუმში მონაწილე ქართველმა და ჩრდილოკავკასიელმა მეცნიერებმა სხვადასხვა კავკასიოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან წარმოადგინეს თავიანთი ახალი კვლევების შედეგები. ღონისძიების ორგანიზება ითავეს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა. ფორუმი მესტიის მუნიციპალიტეტისა და პარლამენტის კავკასიის დიასპორასა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

„ჩვენს სინამდვილეში ერებს შორის სამეცნიერო და კულტურული კავშირების გამოცოცხლება წარმოადგენს ერთერთ იმ ქმედით ფაქტორთაგანს, რომელიც ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ განვითარებას. ასეთი კავშირების ისტორიის მეცნიერული გამოკვლევა იძენს საყურადღებო და აქტუალურ მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით საინტერესო ხდება სათავეებისა და კულტურული ურთიერთობების განვითარების გამოვლენა საქართველოსა და მის მკვიდრ კავკასიის ერებს შორის. ერების კულტურული ურთიერთობები იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ისტორიის ხანგრძლივობის გამო, არამედ კონკრეტულ – ისტორიული შედეგების განსაკუთრებული თავისებურებების, სირთულისა და მნიშვნელობის თვალსაზრისითა“, განაცხადა პროფესორმა ზვიად კვიციანმა.

კონფერენციის მიზნებზე და კავკასიური ცივილიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ, რომელმაც ფორუმზე თავისი მოსაზრება და დამოკიდებულება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას. „კავკასიელები, ერთი მთის შვილები ვართ; ჩვენ ერთი ძირის ენებზე ვმეტყველებთ, ერთიანი ეთნოკულტურული მემკვიდრეობა გაგვაჩნია, ერთი ცა გვხურავს და ერთი მიწა იძვრის ჩვენს ფეხთა ქვეშ, ისტორიაც ერთი გვაქვს და თანამედროვეობაც, მომავალიც ერთი უნდა გვქონდეს. უერთმანეთოდ ჩალის ფასი აქვს ცალკეულ ჩვენგანს, ყოველი გამქრალი ხალხი და ენა კი დაკარგული კაცობრიული ცოდნაა სამყაროს შესახებ, რომელიც ვეღარასოდეს აღდგება. ამის საშიშროება ჩვენი სახლის კართან დგას, ამის მაგალითი კი, სამწუხაროდ, არაერთია კავკასიაში. გულწრფელად დავბრუნდეთ კავკასიურ ტოლერანტობაში და ვიზრუნოთ კავკასიური ცივილიზაციის შენახვისა და გადარჩენისთვის. თუ ასე არ მოვიქცევით, „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა უფრო დღეგრძელი აღმოჩნდება და უახლოეს მომავალში კავკასიური ცივილიზაციისგან აღარაფერი დარჩება ტერიტორიის გარდა. ტერიტორია კი სწორედ ის არის, რაც ასე ანდამატივით იზიდავდა ყოველი დროისა და რჯულის დამპყრობელს კავკასიაში.
მეცნიერება აღიარებს კავკასიური ცივილიზაციის არსებობას, ცივილიზაციის ყოველი საკლასიფიკაციო ნიშანი კავკასიას დღემდე მტკიცედ შემოუნახავს, კავკასიის ტრაგედია მის გეოგრაფიულ მდებარეობაშია. კავკასიამ ისტორიული ბედისწერით გაცილებით მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.

ჩვენ, კონფერენციის მონაწილენი, დღეს მხოლოდ ერთ აგურს დავდებთ იმ ათასწლობით ნაშენებ შენობის კედლებზე, რომელსაც „კავკასიური სახლი“ ჰქვია, რომლის დასრულებასაც კიდევ დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, მაგრამ იგი აუცილებლად აშენდება; ამას ითხოვს ისტორიის კანონზომიერებანი, ისტორიული გარდაუვალობა. მთავარი საკითხავი აქ ის არის, რამდენად სწორად განვჭვრიტეთ ჩვენ, ამ ეპოქის შვილებმა ეს გარდაუვალობა, რამდენად ზუსტად შევაფასეთ რეალობა და ამ რეალობაში კავკასიელი ხალხების შესაძლებლობანი, როგორ ვიღვაწეთ კავკასიური ცივილიზაციის, ბებერი, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე ცივილიზაციის გადარჩენისთვის, როგორ შევაფასეთ იმ თაობათა და მოღვაწეთა ნაამაგარი, რომლებიც თავს სწირავდნენ კავკასიურ იდეას.

ჩვენ ვსწავლობთ და ვიკვლევთ კავკასიურ ცივილიზაციას, მის მულტილინგვიზმსა და მულტიკულტურალიზმს, მის ბიომრავალფეროვნებას, მის ნედლეულსა და რესურსებს, მის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პერსპექტივებს, მის ფსევდოეთნოკონფლიქტებს, ჩვენ ვამსხვრევთ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, ნიჰილისტურ განწყობას, რომლის მიხედვითაც კავკასიელებს, არ შეგვიძლია საერთო ენის პოვნა, თუ მესამე ძალა არ ჩადგა ჩვენს შორის. მჯერა, გავარღვევთ ურთიერთგაუცხოების კედელს და აუცილებლად გავუწვდით ხელს ერთმანეთს, და თუ დღეს ვერ შევძელით, მომავალი თაობა შეძლებს; ამისთვის ყველა რესურსია გამოსაყენებელი, მათ შორის, კავკასიური ადათები, რომელთა მიხედვითაც ორ ძმას შორის დაპირისპირებას მესამე ძმა აგვარებს და არა მესამე ძალა; ჩვენ, მეცნიერები, ზუსტად შევაფასებთ რისკ-ფაქტორებს, რომელთა მიხედვითაც დღეს უკვე ჩრდილოკავკასიური ენები მინორიტარულ ენათა რიგში დგას და საბოლოო ასიმილაციისკენ მიექანება; ჩვენ შევქმნით მეცნიერულ საფუძვლებს, წანამძღვრებს, რათა კავკასიის ყოველი ხალხის, ამ ხალხების ყოველი ადამიანის გულსა და ტვინამდე მივიდეს ეს განგაში, აღძრას მასში ეროვნული იდენტობის ტკივილი და ამ გრძნობამ გააზრებული ქმედებისკენ განაწყოს. კვლავ დღის წესრიგში დგას ფარნავაზის, ლეონტი მროველის, ილიას, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, გამსახურდიას და სხვათა საზრუნავი. ის დღეს ჩვენი თაობის სასიცოცხლო ამოცანაა“, – ამ სიტყვებით მიმართა ცირა ბარამიძემ მონაწილეებს.

კონფერენციის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე მსჯელობისას ცირა ბარამიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღდგა ივანე ჯავახიშვილისეული და არნოლდ ჩიქობავასეული მიდგომა კვლევებისადმი და ეს არის სწორედ ინტერდისციპლინარული კვლევები, რომელიც განმტკიცებულია ლინგვისტური, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური კვლევების დასკვნებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ დღემდე რომ ევროპელ მეცნიერთა არც ერთ ჩამონათვალში, რომლებიც მსოფლიო ცივილიზაციებს იკვლევენ, კავკასიური ცივილიზაცია ვერ მოხვდა, მხოლოდ მათი შეცდომა არ არის და ეს კავკასიოლოგების ნაკლოვან მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ ამგვარ კვლევებს ამ კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი აზრით, აუცილებელია, მეცნიერულად განისაზღვროს, თუ რა ცვლილებები განიცადა კავკასიამ, როგორც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილმა, სადაც ხშირად ერთმანეთს ხვდებოდა და ზოგჯერ იმსხვრეოდა ეს ცივილიზაციები და კულტურები.

ზვიად კვიციანის ინფორმაციით, კავკასიოლოგთა ფორუმზე დიდი ადგილი დაეთმო სვანეთის არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული თუ ლინგვისტური უახლესი კვლევის შედეგების განხილვას, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი მეცნიერის თეოდორ შურისა და ქართველი მკვლევარების ერთობლივი ნაშრომი ქართველთა დნმ-ის შესახებ, რომელიც მეცნიერმა დიდ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით შეისწავლა და მნიშვნელოვანი დასკვნები წარმოადგინა. კვლევათა შედეგები უპირველესად მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, იგი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში კავკასიელთა ეთნოგენეზის საკითხების საბოლოო გადაჭრისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი და ჩრდილოკავკასიელი მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომები სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაიბეჭდება ჟურნალში „კავკასიოლოგიური ძიებანი“, სამ ენაზე. ამ ჟურნალმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიო კავკასიოლოგიურ ცენტრებში და აღიარებულია, როგორც ერთერთი წამყვანი პერიოდული გამოცემა.

ცირა ბარამიძის აზრით, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ კონფერენცია პირველად კავკასიოლოგიის ისტორიაში, საქართველოს ულამაზეს რეგიონში, სვანეთში ჩატარდა, რადგან უცხოელ და კავკასიელ კოლეგებს საშუალება ჰქონდათ, ამ უნიკალურ კუთხეს გასცნობოდნენ. „კონფერენციაში მონაწილეობდნენ სვანეთის მთებს იქით მცხოვრები ყარაჩაელების, ყაბარდო-ბალყარეთის, ბალკანელების, ჩერქეზების წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში მთის ვიწრო ბილიკებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ათასი კილომეტრი გამოიარეს, რათა სვანეთს სტუმრებოდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავკასიელმა მეცნიერებმა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართვეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. სადაც ისინი ითხოვდნენ ამ საკითხის ხელახლა გადასინჯვას, მომავალში საფრთხეების აცილების მიზნით.

კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს მესტიის ეროვნულმა მუზეუმმა, რომელსაც მიენიჭა ეტალონი მუზეუმის სტატუსი სწორედ იმ დღეს, როცა კონფერენცია გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე კულტურული ღონისძიებაც გაიმართა, რომელთა შორის აღსანიშნავია კავკასიოლოგიაში ბოლო წლებში გამოცემული წიგნების გამოფენა და ჩერქეზი მხატვრის, სერგო ქობულაძის მოსწავლის თეუჩეჟ ყატის ნახატების გამოფენა ქართულ თემატიკაზე.

ka_GEGeorgian