2013 წლის 26 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო არნოლდ ჩიქობავას პირად არქივში დაცული წერილები, ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები. გამოფენის ბოლოს კი, არნოლდ ჩიქობავას შესახებ, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.
ამავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არნოლდ ჩიქობავას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი სამეცნიერო სკოლის დაფუძნება. იგი იყო თსუ-ის პირველი დოქტორი და ქართული ენათმეცნიერული აზრის თეორეტიკოსი. არნოლდ ჩიქობავა არა მხოლოდ ენათმეცნიერი, არამედ საზოგადო მოღვაწე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კავკასიოლოგთა აღმზრდელი იყო. სწორედ მისი მოღვაწეობის მასშტაბებმა განაპირობა ღონისძიებისადმი დიდი ინტერესი.
ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო გამოფენას თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა.
ორგანიზატორები და დოკუმენტური ფილმის იდეის ავტორები, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტები, მაკა თეთრაძე და ნინო აბესაძე იყვნენ.
ფილმი გადაღებულია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის მხარდაჭერით. რეჟისორი: ნინო გელოვანი, მონტაჟი: იზა თითბერიძე.
