2010 წლის 9-12 ნოემბერს თსუ-ში კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. კონგრესის ორგანიზატორები არიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები თემაზე: “კავკასიური ცივილიზაცია – ისტორია და თანამედროვეობა”.
კონგრესის მონაწილეთა შორის უნდა ყოფილოყო თსუ–ს გარდაცვლილი პროფესორი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ქურდიანი, რომელმაც კავკასიური ენათმეცნიერების დარგში უდიდესი წვლილი შეიტანა და არაერთი ნაშრომი დატოვა. 2007 წელს მიხეილ ქურდიანმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი “იბერიულ–კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები”, რომლის წარდგინებაც ფართო აუდიტორიის წინაშე, სამწუხაროდ, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ კონგრესზე მოხდა. კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი პროფ. მიხეილ ქურდიანის ხსოვნას მიეძღვნა.






















