2007 წლის 22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კავკასიოლოგთა I საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელიც კავკასიური ცივილიზაციის, ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემური საკითხების განხილვას მიეძღვნა. I საერთაშორისო კონგრესი თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის თაოსნობით გაიმართა.
“კავკასიის ძალა კავკასიის ერთობაშია!… არსად ისე არ იცავენ კეთილ ტრადიციებს, როგორც კავკასიაში, არსად ისე არ იღებენ ესტაფეტას წინაპრებისგან, როგორც ჩვენთან. სიყვარულით წელგამართული მეცნიერება ყვავის და ისხამს კეთილ ნაყოფს. ამის დადასტურებაა დღევანდელი დღეც”, – ასე მიმართა კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გუჩა კვარაცხელიამ.
საერთაშორისო კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად 50-მდე უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საფრანგეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან, იაპონიიდან და კავკასიის თითქმის ყველა რეგიონიდან.
კონგრესი გამოფენით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო უნიკალური წიგნები, რამდენიმე კავკასიურ ენაზე თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი”, ბიბლიისა და ყურანის იშვიათი ეგზემპლარები, უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო კავკასიური ფოლკლორის ეთნოგრაფიული კუთხე, ქართული კავკასიოლოგიური სკოლის ნაშრომები და ფოტოკოლაჟი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ჩერქეზი მხატვრის თეუჩეჟ ყატის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
კონგრესის უმთავრესი მიზანი ჩრდილოეთ კავკასიის და უცხოურ სამეცნიერო და სასწავლო წრეებთან კავკასიოლოგიური კვლევების სფეროში შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დარჩება მსოფლიო კავკასიოლოგიის ცენტრად, რომელიც გააერთიანებს კავკასიოლოგიაში არსებულ აკადემიურ დარგებს: ლინგვისტიკას, ისტორიას, კულტუროლოგიას, ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურას, ფოლკლორს, არქეოლოგიას, ეთნოლოგიას, ეთნოგრაფიას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სამომავლოდ დაგეგმილია სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა, სადაც თავს მოიყრის კავკასიოლოგიის პრობლემატურ საკითხებზე მომზადებული მეცნიერული კვლევის შედეგები.
კონგრესისთვის დაიბეჭდა სამეცნიერო მასალების კრებული (480 გვერდიანი), პროგრამა, გზამკვლევი, ბუკლეტი – “კავკასიური ცივილიზაცია”, აფიშები და სხვა თვალსაჩინო მასალა. კონგრესზე წარმოადგინეს 215 თეზისი.
კონფერენცია, როგორც მოსალოდნელი იყო, მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა. ტრადიციული საკითხების გვერდით წამოიჭრა ახალი საკითხები. საფუძველი ჩაეყარა ახალ სამეცნიერო კონტაქტებს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონგრესი ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებას და განმტკიცებას.
პირველი საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა მიესალმა. მან ვრცლად ისაუბრა კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილ დაძაბულობას კავკასიელმა ხალხმა ერთად უნდა მოუაროს. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელი კავკასიელები მომავალშიც დიალოგის ფორმით მოაგვარებენ ურთიერთობას და დაიმსხვრევა ის ბარიერი, რომელიც ამ ურთიერთობებს ხელს უშლის.
“სტუმრებით სავსე დარბაზი იმის დასტურია, რომ ერთმანეთი მოგვნატრებია. დიდი კულტურული ტრადიციების მქონე რეგიონში ცხოვრება უმთავრესი წინაპირობაა იმისა, რომ არც თუ ისე მარტივ პრობლემებს ერთად დავძლევთ. უნივერსიტეტი დღემდე ამაყობს იმ დიდი მეცნიერების სახელებით, ვინც კავკასიოლოგიის განვითარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გასწია. მათ მიერ დაწყებული დიდი საქმე და ტრადიციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ის ფაქტი, რომ კავკასიოლოგიის პირველ კონგრესს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, სწორედ ამის დასტურია. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში იმყოფებიან კავკასიოლოგიის საკითხებზე მომუშავე ცნობილი მეცნიერები, კოლეგები. მათთან შეხვედრას ქართველი მეცნიერები დიდხანს ელოდნენ. ინფორმაციის დეფიციტი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს ისევ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ურთიერთობის ტრადიცია თავმოწონების საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში კი იგი გვავალდებულებს – სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყოთ ფიქრი,” – აღნიშნა რექტორმა.
პროფესორმა ცირა ბარამიძემ სტუმრებს ნუნივერსიტეტში დანერგილი სიახლეები გააცნო და ის დრო გაიხსენა, როდესაც თბილისი ყველა კავკასიელის საყვარელი ქალაქი იყო.
“ამ დარბაზში ათიოდე წლის წინ გაიხსნა კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიძღვნილი აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი. მას შემდეგ კავკასიოლოგთა ფორუმების ისტორიაში, ცნობილი მიზეზების გამო, დიდი პაუზა იყო. ეს კონგრესი კი დასაბამს დაუდებს ახალ ისტორიას კავკასიისმცოდნეობის უმნიშვნელოვანეს საქმეში.
კავკასიაში ყველა გზა თბილისისაკენ მიემართებოდა. თბილისში კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, რომელსაც მეოცე საუკუნეში სამართლიანად უწოდებდნენ მსოფლიო კავკასიოლოგიის ცენტრს და იმედი გვაქვს, ასე იქნება ოცდამეერთე საუკუნეშიც.
გეოგრაფიულად, ეთნიკურად, ენობრივად, კონფესიურად და კულტურულად მრავალფეროვანი კავკასია, ხალხთა მუზეუმი – “ენათა მთა” ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს – ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპასა და აზიას. საუკუნეთა მანძილზე რეგიონი იყო ან ბუფერული ზონა დაპირისპირებულ იმპერიებს შორის, ან იმპერიათა შემადგენელი ნაწილი.
ქართულ-კავკასიური მეგობრობის ბალავარი ათასწლეულების მიღმა ჩაიკირა. ამ ლიბოზე კი 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა მსოფლიოში პირველი კავკასიურ ენათა კათედრა. ჩვენი ერის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა არნოლდ ჩიქობავას სახელთანაა დაკავშირებული.
კათედრის პირველი წევრები იყვნენ: არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია. ივანე ჯავახიშვილი წერდა: რაკი გამოირკვა, რომ კავკასიური ენები ჩვენი წინაპრების მოძმე ტომთა ენები ყოფილა, ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ამ ენების და ტომების ისტორია ისევე იცოდეს, როგორც თავისი ერისა და ქვეყნის.
მართალია, იბერიულ-კავკასიურ ენებზე მეტყველი ხალხები ამჟამად სხვადასხვა პოლიტიკურ სივრცეში თანაარსებობენ, მაგრამ ამ ენათა ერთობის ლინგვისტური მოდელი კავკასიელი ხალხების ერთობის ერთერთი მეცნიერული საფუძველია”, – აღნიშნა ცირა ბარამიძემ თავის გამოსვლაში.
კავკასიოლოგია თსუ-ში ამჟამად კომპლექსურ დარგადაა წარმოდგენილი. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების გვერდით არეალური ლინგვისტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი პროგრამები. ესენია: აზერბაიჯანმცოდნეობა და ოსმცოდნეობა, სრულად შეისწავლება კავკასიის ხალხთა ისტორია და კულტურა. ზოგ კავკასიურ ენას ამ ეროვნებათა წარმომადგენლები ასწავლიან.
კავკასიოლოგიის ინსტიტუტს სწავლების სამი საფეხური აქვს და სამეცნიერო პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია. მისი განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ საქვეყნო საქმეა.
თავისი სტრატეგიულობის გამო, ბუნებრივია, კავკასიოლოგია საჭიროებს სახელმწიფოსგან მზრუნველობასა და თანადგომას. პროფესორ ცირა ბარამიძის თქმით, კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი რეგიონალური სესიების ლოგიკური გაგრძელებაა. იგი იმართებოდა კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში ორ წელიწადში ერთხელ და კავკასიურ ენათა კვლევის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს ეძღვნებოდა.
თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება მთის კავკასიური ენების შესწავლის საქმეს. ინსტიტუტის დირექტორის ლალი ეზუგბაიას თქმით, ამ ინსტიტუტს არაერთი აფხაზი, აბაზა, ჩერქეზი, ადიღელი, ჩეჩენი, დაღესტნელი მეცნიერისთვის გაუკვლევია გზა. “უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიშვიათებულმა ურთიერთობებმა უფრო დაგვაფიქრა კავკასიური ცივილიზაციის ფასეულობებზე და ანბანური ჭეშმარიტება შეგვახსენა: ცივილიზაციათა დიალოგი უპირველესად ემყარება კონკრეტულ ცივილიზაციათა შორის დიალოგს. ვფიქრობთ, რომ ეს კონგრესი კავკასიოლოგთა დიალოგია. ლინგვისტები, ლიტერატორები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, კულტუროლოგები შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაკავშირებს და გვაერთიანებს. შემთხვევითი არ იყო, რომ კავკასიოლოგიის, როგორც ფუნდამენტური მეცნიერების პირველი გზამკვლევები კავკასიის ხალხების ისტორიის, ენის ყოფისა და კულტურის შესწავლისას უპირველესად საერთო ტენდენციებზე, მსგავს თავისებურებებზე ამახვილებენ ყურადღებას. გეორგ როზენის, ჰუგო შუხარდტის, ფრიდრიხ მიულერის, რიხარდ ერკერტის, პეტრე უსლარის, დეეტერსისა და სხვათა ნაშრომები იქცა იმ ბალავრად, რომელზეც დაშენდა კავკასიოლოგია. ევროპისა და ამერიკის თანამედროვე კავკასიოლოგიური ცენტრები დღემდე ღირსეულად აგრძელებენ ამ ტრადიციას. მადლობა ყველა იმ უცხოელ კოლეგას, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს კავკასიური ენების კულტურის პოპულარიზაციისთვის, კავკასიოლოგიური კვლევების მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ვამაყობთ ამ ტრადიციით. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის კარები კვლავაც ღიაა ყველასთვის, ვინც იკვლევს იბერიულ-კავკასიურ ენებს, ვისაც აინტერესებს და უყვარს კავკასიური ცივილიზაცია, ვისაც სწამს და სჯერა კავკასიელების ერთიანობის”, – აღნიშნა ლალი ეზუგბაიამ.
კონგრესს მრავალი საპატიო მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის: რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ტამერლან გურიევი, პროფესორი აჩერდან აბრეგოვი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, ქალბატონი დიანა ფორკერი დიდი ბრიტანეთიდან, მუჰაჯირების შთამომავალი ხუნა ახმადი ისრაელიდან, ტოკიოდან იასუჰირო კოჯიმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩეჩნურ, ქართულ და აფხაზურ ენებზე. ასევე მეცნიერები მაიკოპიდან, ვლადიკავკაზიდან, მოსკოვიდან, ლაიფციგიდან, ერევნიდან, ბაქოდან, იტალიიდან, თურქეთიდან. მათ შორის იყო ცნობილი მხატვარი მანაბა მაგომედოვა, რომელსაც ქართული ანბანი და ბარათაშვილის “მერანი” ვერცხლში აქვს ამოტვიფრული.
კონფერენციის მონაწილეები შეხვდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს, რომელმაც კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“კავკასიოლოგია ერთერთი სერიოზული სამეცნიერო მიმართულებაა საერთაშორისო მასშტაბით. ის ფაქტი, რომ კონგრესი საქართველოში გაიმართა, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ნაბიჯი გადავდგით ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მსოფლიო დაინტერესებულია, რომ ამ რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს. თქვენ ჩვენი საპატიო სტუმრები ხართ კავკასიიდან და იმედი მაქვს სამეცნიერო კონფერენციაზე ბევრ სასიკეთო იდეას ჩაეყარა საფუძველი”, – აღნიშნა კოტე გაბაშვილმა.
როგორც სტუმრები, ისე მასპინძლები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში დაუვიწყარი დღეები გაატარეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მართლაც კავკასიური სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა ყველას. როგორც კონგრესის ერთერთმა მონაწილემ აღნიშნა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტმა კიდევ ერთხელ შეკრიბა და გააერთიანა “სამეცნიერო კავკასია”.













