დოქტორანტ მარიამ ბეჟიტაშვილის კოლოკვიუმი

2025 წლის 11 თებერვალს ჩატარდა კავკასიის ისტორიის სადოქტორო პროგრამის მე-5 სემესტრის დოქტორანტის, თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის დირექტორის, მარიამ ბეჟიტაშვილის კოლოკვიუმი: “მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გამოცდილება და პერსპექტივები ინგუშეთში (თაობათაშორისი ცოცხალი მეხსიერების შესწავლაზე დაფუძნებული ანალიზი)“.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი, პროფ. მერაბ ჩუხუა.

რეცენზენტი: ისტორიის დოქტორი ნუგზარ ანთელავა.

მ. ბეჟიტაშვილის სადოქტორო ნაშრომის ფოკუსი ინგუშური სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმაზე გამოვლენილ აქტივობებს მიემართება. კვლევის ავტორმა ისინი განიხილა მათი შესაბამისი ისტორიული კონტექსტის, ფორმების, შინაარსისა და შედეგების თვალსაზრისით, ასევე, წარმოადგინა საკვლევი ობიექტების — ინგუშური სამოქალაქო აქტივიზმის მოგონებების კორპუსისა და ინტერვიუირების მეთოდით მის მიერ მოპოვებული ზეპირსიტყვიერი წყაროების ანალიზი. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა სამომავლო კვლევის პერსპექტივაც, რაც მდგომარეობს კვლევისთვის რელევანტური წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოებაში (ინგუშური არაფორმალური სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობების პერიოდული გამოცემების კონტენტ-ანალიზი და ალტერნატიული სამოქალაქო აქტივიზმის — შემოქმედებითი პროტესტი და ცოდნის მედიაცია — კვლევა).

დოქტორანტის პროექტმა რეცენზენტისა და კომისიის წევრების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამასთან, წარდგინებას თან ახლდა საინტერესო დისკუსია და რეკომენდაციები.

მარიამ ბეჟიტაშვილის კოლოკვიუმს დაესწრნენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასევე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის თანამშრომლები.

ru_RURussian