2025 წლის 29 ნოემბერს “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ — კავკასიურ სახლში” პროექტ “კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის” ახალგაზრდა მკვლევართა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი და სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი გახლდათ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი, პროექტ “კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის” კოორდინატორი თამარ უჯუხუ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ ასევე კავკასიოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი მარიამ სეხნიაშვილი და კავკასიოლოგიის ბაკალავრი, გამოცემის რედაქტორი ქეთევან საყევარაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ შემდეგ უნივერსიტეტებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (საქართველო), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი (აზერბაიჯანი), აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია (აზერბაიჯანი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პოლონეთი).
თემატურად მრავალფეროვანი მოხსენებები წარმოდგენილი იყო სექციებზე: ფილოლოგია, ისტორია, ფოლკლორი და ხელოვნება, საზოგადოება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები, მათ შორის თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პარტნიორი, ცნობილი კავკასიოლოგი კარინა ვამლინგი (მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი) და აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი ლალა ჰუსეინოვა.
